„სამეზობლოსა და კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ალტერნატივა არ გააჩნია“, – ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუ „პირისპირში“ განაცხადა.
მისი თქმით, რესურსი არსებობს და ორივე სახელმწიფოს მხრიდან ჩანს მზაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს და ორივე სახელმწიფო იყოს კმაყოფილი, ორივე სახელმწიფომ ღირსება და თავმოყვარეობა შეინარჩუნოს.
„როგორც ჩვენ მივიჩნევთ აქედან თავს სახელმწიფოდ, ისე არის იქედან სახელმწიფო. რესურსი არსებობს და ჩანს განწყობა ორივე მხრიდან იმისთვის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ისე, რომ ორივე სახელმწიფო იყოს კმაყოფილი და ორივე სახელმწიფომ ღირსება და თავმოყვარეობა შეინარჩუნოს. მხოლოდ მეგობრულად, მხოლოდ მეგობრული განწყობებითა და მხოლოდ დიალოგით საკმაოდ სერიოზულად უნდა იმუშაონ ექსპერტებმა, იმიტომ რომ ეს პროცესი წლების განმავლობაში იყო შეჩერებული და დაველოდოთ და ვადროოთ ხელისუფლებას ორივე მხარეს.
ეს არ არის სიახლე და ამას ჩვენ ვუყურებთ ათეული წლებია, და როდესაც ბატონი ექსპრეზიდენტი საუბრობს, მოვაგვარებო და თან მარტივად და სწრაფად, 2012 წელს იყო ანალოგიური, მძაფრი სიტუაცია და 5 თვე ჰქონდა ბატონ მიხეილს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ოქტომბრამდე. თუ ოქტომბრამდე ჩავთვლით და შემდეგ აგრძელებდა პრეზიდენტობას, 2013 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები და ნაბიჯი არ გადადგმულა“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მძაფრი საკითხები ყველაფერი ღიად, ქუჩაში, ეთერში გამოსატანი არ არის და რომ ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა, შესაბამისი თანამდებობის პირებმა უნდა იმუშაონ. მისი თქმით. საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს და დაინახოს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ვიწროპარტიული და ვიწროპოლიტიკური ინტერესი.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა შეაფასოს და დაინახოს. რა ხდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. მსგავს, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას საზოგადოებაში მოთხოვნა არ უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოებრივი მიდგომა, სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ჩამოგვიყალიბდეს ყველა ჩვენგანს, პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სივრცეში გამოვდივართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკურ ლიდერებს. არის საკითხები, როდესაც ყველა ერთ მხარეს დგას. გვქონდა ასეთი აგვისტოს ომის დროს, როდესაც იმ ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეწყვიტა პოლიტიკური ბრძოლა და თქვა, რომ ომი დაიწყო და ყველა ერთად ვართ. ომი დამთავრდება – გავაგრძელებთ. არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები, დეოკუპაცია, საზღვრების მოწესრიგება, რუსეთთან ურთიერთობები, გამოწვევები, საფრთხეები, რაც გვაქვს ირგვლივ – ამას ყველაფერს ეროვნული თანხმობა სჭირდება და ეროვნული კონსოლიდაცია“,- აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არაკეთილსინდისიერია განცხადებები პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ბაქოში გაჟღერდა, რომ თითქოს ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. ათეული წლის განმავლობაში დავით გარეჯში ტაძრების კომპლექსის ხან გახსნა და ხან დაკეტვა აზერბაიჯანის მხარის მიერ პერიოდულად ხდება.
„პრესკონფერენციის დროს ორი კოლეგა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც ის საუბრობს და პრეზიდენტმა გააჟღერა, რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის საზღვრები უნდა იყოს მოწესრიგებული. პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჰქონდეს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ამირან სალუქვაძე: ეს არ არის სიახლე, ამ პრობლემას ათეული წლებია, ვუყურებთ, სააკაშვილს კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად დრო ჰქონდა
2019/05/29 13:36:53
კომენტარები
ნანახია: 425 ჯერ