ლაგოდეხში 16 წლის გოგოს ტრაგიკულ გარდაცვალებას ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი ტექსტით გამოეხმაურა. facebook-ის საკუთარ გვერდზე მან გარდაცვლილი გოგოს დის, ცნობილი ბლოგერის, სალომე ბარკერის ფოტო გააზიარა წარწერით – „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე“.
„პრაიმტაიმი“ ნანა კოსტავას დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ ავრცელებს საკრებულოს დეპუტატი სიძულვილის შემცველ პოსტებს, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. წარსულში, ის ასეთივე შინაარსის ტექსტით გამოეხმაურა ჟურნალისტ მაია ასათიანის ქალიშვილის გარდაცვალებას.
ნანა კოსტავა, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი:
–ვაიმე გენაცვალე, უკვე მერამდენე ადამიანი ხართ ვინც მირეკავთ. წავშლი ამ პოსტს, მაგრამ ვიღაც დომენიკ მანგოები რომ გვაყენებენ შეურაცხყოფას ამაზე რატომ არ აღშფოთდით, მაინტერესებს.
-ქალბატონო ნანა, უხერხულობას არ გრძნობთ, როგორც პიროვნება ან, როგორც საკრებულოს წევრი იმ პოსტის გამო?
-დომენიკ მაგნო, თუ ვიღაც გადამთიელები რომ არიან, არ ვიცი კაცები არიან, თუ ქალები… რატომ სამება არ დაიწვაო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რომ დაიწვა, რატომ მთელი ერი არ მიყევით პატრიართქან ერთადო… რაღაცა საზიზღრობა პრეზერვატივი წამოიცვა ხელზე და მთელ ერს შეურაცხყოფას აყენებდა, ეს დავწერე, მისი უღირსი საქციელი. რა არის აქ ასეთი ვერ გავიგე. ქართველი ხარ თუ ბარკერი ხარ.
-ბარკერი რა შუაშია? საკრებულოს წევრი რომ ხართ და ამ ენით საუბრობთ…
ამ საუბრის შემდეგ ნანა კოსტავამ ტელეფონი გაგვითიშა. რამდენიმე წუთში კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი საერთოდ წაშალა. ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ ფრაქციას წარმოადგენს.
ცნობისთვის: ლაგოდეხში ექსკურსიაზე წასული 16 წლის გოგო, სოფო ნიკოლეიშვილი გურგენიანის ჩანჩქერზე ტრაგიკულად გარდაიცვალა.