შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „მე – მეხანძრე-მაშველი“ გამარჯვებულები ცნობილია. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლების ყველაზე მეტი მოწონება 10 წლის ლუკა ჩხაიძის ნამუშევარმა დაიმსახურა, ხოლო მეხანძრე-მაშველების რჩეული კი – 8 წლის ეთერ ქაშიაშვილის ნამუშევარი გახდა.
დღეს, კონკურსის მონაწილეებსა და მის გამარჯვებულებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა – თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ – ლევან ღირსიაშვილმა, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, სახანძრო ტექნიკის მთავარ სადგომში უმასპინძლეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და გამარჯვებულები პირადად დააჯილდოეს.
„მე – მეხანძრე-მაშველის“ 50-ვე მონაწილეს საპატიო სიგელები, ხოლო გამარჯვებულებს, სიგელებთან ერთად, სათამაშო სახანძრო მანქანა და სპეციალურად მათთვის შექმნილი მეხანძრე-მაშველის ფორმა გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეობა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა მიიღეს.
საჩუქრების მიღების შემდეგ, პატარებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებთან ერთად დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.