„პირველადი მონაცემებით, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით იკვეთება რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პროკურატურისგან იყო წერილობითი მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით და თავდაცვის უწყებამ დეტალურად გაუგზავნა ყველა ინფორმაცია.
”პროკურატურამ დაიწყო შესწავლა. თუ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს აღნიშნულ ფაქტში, მაშინ დაიწყებს გამოძიებას. ეს პროცესი მიმდინარეობს, დაველოდოთ და, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ ინფორმაციას. პირველადი მონაცემებით, ასევე იმ მონაცემებით, რაც გენშტაბის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერდა, აქ იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა, ვიდრე დანაშაული, მაგრამ ეს არის წინასწარი ინფორმაციის დონეზე. ამ ინფორმაციას გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება. თუ გარკვეული დანაშაულის ნიშნები იქნება, მაშინ, ბუნებრივია, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას”, – განაცხადა იზორიამ.