„ის მომავალი გეგმები, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ილაპარაკა, სწორედ ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას და არა იმიტომ, რომ ჩვენ მაინცდამაინც, რადგან ერთი გუნდი ვართ, დახუჭული გვაქვს თვალი, თუნდაც იმ გარკვეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იხილებოდა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს იმიტომაც, რომ წარმოდგენილი კანდიდატები ორიენტირებულნი არიან არსებულ ნაკლოვანებებზე და იმ პოზიტიურის გაძლიერებაზე, რომლებიც სტრატეგიულ გეგმებად ჩამოყალიბდა.