„მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ – 2001 წლის 11 სექტემბრის მერე ეს სიტყვები არაერთხელ გვსმენია. ამერიკაში მომხდარი ტერაქტიდან, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, უკვე თვრამეტი წელი გავიდა და სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ ტრაგედიას ემსხვერპლა ერთი თბილისელი იყო – ალექსანდრე ლიგინი.
ალექსანდრეს შესახებ ინფორმაცია მისი ოჯახის ახლობელმა, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა, მზია კანდელაკმა მოგვაწოდა.
ალექსანდრე ლიგინი – ახალგაზრდა ფიზიკოსი, პროზაიკოსი და პოეტი. მან ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას.
დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს თბილისში. მამა, ვლადიმირ ლიგინი განათლებით ფიზიკოსი იყო, დედა ვალენტინა ლიგინა – მუსიკის მასწავლებელი. მას კონსერვვატორია ჰქონდა დამთავრებული და საკმაოდ ცნობილი პედაგოგი ყოფილა. საშა ბავშვობიდან კეთილი, გამორჩეული და მეტად ცნობისმოყვარე ბიჭი იყო. სკოლაში განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა და ამიტომ ერთი წლით ადრე დაამთავრებინეს. 1989 წელს ფიზიკასა და მათემატიკაში რესპუბლიკური ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 16 წლის ასაკში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსიდან სამეცნიერო სფეროთი და პროგრამირებით დაინტერესდა. 1990-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთან ერთად მონაწილეობდა სემინარებში ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც თბილისის უნივერსიტეტის რადიოფიზიკის ფაკულტეტზე შესრულებული მეცნიერული ნაშრომები წარადგინა. მესამე კურსზე სწავლისას, ამერიკული კომპანიის, Sistems Inc-ის (Beverly Hills CAJ), პრეზიდენტის წინადადებით მუშაობა კომპანიის პროგრამისტად დაიწყო.
2001 წლის დასაწყისში საშამ Microsoft-ის და Cantor Fitzgerald-ის კომპანიებში მუშაობის მიწვევა მიიღო. მცირე ყოყმანის მერე არჩევანი Cantor Fitzgerald-ზე შეაჩერა. 2001 წლის თებერვალში ამ ფირმის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა.
ტექნიკური სფეროს გარდა, ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საოცარ მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. ორი წლის განმავლობაში 60-ზე მეტი მოთხრობა, ესსე და ლექსი აქვს დაწერილი.
ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ საშა ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. რა სფეროშიც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერს მაღალპროფესიულ დონეზე აკეთებდა. 2000 წელს საშამ მიიღო პროფესიონალი ფოტოგრაფის ლიცენზია და ამერიკული ჟურნალის Today’s Photograpy-ის ფოტოკორესპონდენტიც გახდა. იმავე წელს თავის მეგობართან, მარკ როგოვთან ერთად საკუთარი ფირმა გახსნა. საშა ამ ფირმის პრეზიდენტი იყო და შვიდკაციანი კოლექტივის საქმიანობას თავად ხელმძღვანელობდა.
2001 წლის ოქტომბერში მისი ქორწილი უნდა ყოფილიყო. სექტემბრის იმ ტრაგიკულ დღეს საშას საცოლე, ანა ნიუ-იორკში იმყოფებოდა და ეს ტრაგედია საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებთან ერთად გადაიტანა. „საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა, ყველაფერი მოესწრო. მის ირგვლივ არსებულ სამყაროს სიკეთითა და სიყვარულით ავსებდა“ (ასეთი წინასიტყვაობა ახლავს ამერიკაში გამოცემულ წიგნს ალექსანდრე ლიგინზე – „შეწყვეტილი ფრენა“).
მზია გაგაძე-კანდელაკი (საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი): საშამ უმსხვილესი ამერიკული კომპანიიდან მიიღო წინადადება, 22 წლის ასაკში სასწავლებლად ჩამოვიდა ამერიკაში და მთელი მონდომებით დაიწყო სწავლა. პარალელურად, მუშაობდა. მალე კი ოჯახიც გადმოვიდა ამერიკაში საცხოვრებლად. მათ დატოვეს ბინა ათარბეგოვზე და ნიუ-იორკში ნულიდან დაიწყეს ახალი ცხოვრება. საშას ოჯახი ძველი თბილისური, ტრადიციული იყო. მისი დიდი ბაბუა თელავში ცნობილი ექიმი ყიფილა. დღესაც არსებობს სახლი, სადაც ძველი წარწერა ისევ შემონახულა – „ექიმი-კონსტანტინე თუმაჯანოვი“.
– ტრაგედიის დღის შესახებ რა იცით?
– როგორც ჩანს, იმ ტრაგედიამდე მეგობართან საუბარი მოასწრო. მეგობარი მისი უკანასკნელი წუთების შესახებ მხატვრულად გვიყვება საშას შესახებ დაწერილ წიგნში: „ტრაგედიის დღეს საშა ადრიანად ადგა, ისაუზმა, დაემშვიდობა თავის საცოლეს – ანას, რომელის მოსკოვიდან ახალი ჩამოსული იყო. გააჩერა ტაქსი და სამსახურში წავიდა. მანჰეტენზე ლეგენდარულ ბურთთან, მოედანზე ჩამოვიდა და შენობაში შევიდა. პირველი გაჩერება 71-ე სართულზე იყო, აქედან კი მეორე ლიფტში უნდა გადამჯდარიყო, საიდანაც 104-ე სართულზე მოხვდებოდა. უცბად ღამის სიზმარი გაახსენდა. ლიფტით მგზავობდა და ლიფტი 94-სართულზე თავისით გაჩერდა. აღარ გააგრძელა სვლა. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოარკვია. ციფერბლატი 104-ე სართულს აჩვენებდა, გამოვიდა და შევიდა სამუშაო ოთახში, მაგრამ გაახსენდა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა. გარეთ გამოვიდა. ამ სართულზე მოსაწევი ოთახი კი იყო, მაგრამ სიგარეტი მოლოდ 94-ე სართულზე იყიდებოდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა ლიფტის მოსვლას – ლიფტი წყნარად, მსუბუქად დაეშვა. საშას ძალინ უყვარდა ეს სიმსუბუქე. მის შემოქმედებაში ასე ლამაზადაა აღწერილი ფრენის სილამაზე, სინარნარე და უკიდეგანო ცის ჰარმონია, მის სულთან შერწყმული. მისი სიზმრის მსგავსად, 94-ე სართულზე ლიფტი გაჩერდა. უკვე ისმოდა განგაშის სიგნალების შემზარავი ხმა…
საშას უამრავი მიზანი და ოცნება ჰქონდა. ქორწილი 20 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო. მისი ოჯახი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს. მამა ცნობილი ფიზიკოსი – ვლადიმირ ლიგინი საშას დარდს მალევე გადაჰყვა. დედა – ვალენტინა ლიგინა კი საშას მოგონებით და მონატრებით ცხოვრობს. ვალენტინა 2014 წელს იყო საქართველოში. მოინახულა საშას სკოლა, სადაც ძალიან თბილად შეხვდნენ. იმ უმძიმეს დღეებში ვალენტინა გამწარებული ეძებდა საკუთარი შვილის ცხედარს. მაგრამ უძლური იყო. საქართველოს საელჩოსაც მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. რამდენიმე ხნის შემდეგ კი საკუთარი შვილი დნმ-ის ანალიზით ამოიცნო.
თუმცა, საშას ოჯახში სიცოცხლე გრძელდება, მას ორი შესანიშნავი დისშვილი აგრძელებს. საშას ჰყავს და – ნატალია და ორი დისშვილი – არაჩვეულებრივი, ვირტუოზი პიანისტები.
ttp://tbiliselebi.ge