პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი – 29 დეკემბერს, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მომავალი პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
„როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს და მაშინ გახსოვთ, რომ გარდამავალი დებულებების შესაბამისად, იმ დროს არჩეული პრეზიდენტი აირჩა 6 წლის ვადით იმისთვის, რომ შემდეგ უკვე პარლამენტის არჩევნები, რომელიც 2024 წელს ჩატარდებოდა, ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია შემდეგი პრეზიდენტი. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდა. მოქმედ პრეზიდენტს 6 წლის უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. ჩვენ გვაქვს ახლა, მათ შორის, ჩვენი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს ან არის წინა თვეს, ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ამასთან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩეული იყოს პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით მნიშვნელოვანია, რომ წელსვე, როგორც არჩევნები, ასევე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში კვლავ არ შესრულდებოდა კონსტიტუციის დანაწესი 5 წლიან ვადასთან დაკავშირებით და გვეყოლებოდა, ფაქტობრივად, 6 წლით არჩეული პრეზიდენტი.
ამიტომ, მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას შევიტანთ ჩვენ დღის წესრიგში და გავა უკვე პლენარულ სხდომაზე. იქ უკვე პარლამენტის სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს.
შესაბამისად, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.