“სხვა ბევრ ადამიანთან ერთად მოვახერხე და ვამაყობ, რომ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დაბუდებულია ჩვენს მართლმსაჯულებაში, სამართალდამცავ ორგანოებში, არაერთი დარტყმა მეც მივაყენე”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი სამოქალაქო აქტივობის გაჩერებით არც წინა ხელისუფლებას და არც ამ ხელისუფლებას სიამოვნებას ვერ მიანიჭებს.
„მოსახლეობას მოეხსენება ჩემი აქტიურობა დემოკრატიასთან, მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებასთან მიმართებაში. სხვა ბევრ ადამიანთან ერთად მოვახერხე და ვამაყობ, რომ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც დაბუდებულია ჩვენს მართლმსაჯულებაში, სამართალდამცავ ორგანოებში, არაერთი დარტყმა მეც მივაყენე. გასაგებია, რომ ჩემი გუშინდელი ღამის ეთერის შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით და ასევე განსაკუთრებით შეწუხებულია „ქართული ოცნების“ ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა. ის იმდენად შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით, მათშორის ჩემი სახით, რომ დღეს მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, წარდგინებით მიემართათ პრეზიდენტისთვის.
ციტირებას ვახდენ იუსტიციის საბჭოს წევრზე – „არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში“. როგორც თავად ე.წ. წარდგინებაში მიუთითეს, მე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების საკითხებზე განცხადებას ძალიან დიდი ხანია, ვაკეთებ და ეს ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნია. 2004 წლიდან გუშინდელი დღის ჩათვლით, მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც სიამოვნებას ვერ მივანიჭებ.
რაც შეეხება საია-ს გამგეობის წევრობას, რაც თითქოსდა არის შეუთავსებლობის საფუძველი. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობის შემდეგ, რომელსაც დიდი სიამაყით ვატარებდი გასულ წლებში, მე ვარ საია-ს გამგეობის წევრი, ასევე ძალიან დიდი სიამაყით, ისევე, როგორც სხვა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი. ჩვენი კანონმდებლობით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონით, იუსტიციის საბჭოს წევრს, პრეზიდენტის მიერ დანიშნულს, ეკრძალება კომერციულ სამეწარმეო პირების საქმიანობაში მონაწილეობა და ასევე ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება მეცნიერებას, პედაგოგიურ საქმიანობას და შემოქმედებას. საი-ას გამგეობის წევრობა არის არასამთავრობო, არასამეწარმეო პირის საქმიანობაში მონაწილეობა. იმდენი მაინც უნდა იცოდნენ ამ მოსამართლეებმა, რაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის დაშვებულია“, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ.