“რუსეთ-თურქეთის ათპუნქტიანი შეთანხმება იქიდან გამომდინარე შედგა, რომ ცდილობენ თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს”, – ამის შესახებ “რეზონანსთან” ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა. სირიის საკითხზე სოჭში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. არეშიძის შეფასებით, ამერიკამ სირიის მოვლენებში “ტაქტიკური ინიციატივა” რუსეთს დაუთმო” და აშშ-მ ტაქტიკურად პოზიციები დათმო, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით პოზიციები ჯერ არ დაუთმია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი“ – მამუკა არეშიძე.
“ეს შეთანხმება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს, რომ ამით როგორმე თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს, ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი, ცეცხლის შეწყვეტისა და ქურთული საჯარისო ფორმირებების საკითხი რა საკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ ამ დოკუმენტით ეს გადაწყდეს. ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი, ახლა ამ გეგმის შესრულებაზე ქურთებსა და თურქებს შორის სავარაუდო დაპირისპირებასა და ამ საკითხში ირანის ჩართულობაზე, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთი როგორ გამოძვრება, ამ ვითარებიდან კიდევ საკითხავია”, – აცხადებს გამოცმის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“რაც შეეხება იმ საკითხს, ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთ სივრცე დატოვეს თუ არა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, სირიიდან კი გავიდა (თუმცა ჯერ ბოლომდეც არ გასულან), მაგრამ მას უძლიერესი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს ერაყში. ერაყი კი იქვეა. ამიტომ ამერიკელები ვითარებას შორიდან დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ. სტრატეგიული თვალსაზრისით ჯერჯერობთ მათ სიტუაცია არ დაუთმიათ, ტაქტიკური თვალსაზრისით დათმეს, ასე რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ესაა ტაქტიკური ქმედების ნაწილი, სტრატეგიულად კი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგის თქმა გამიჭირდება”, – დასძენს არეშიძე.
“სირიის საკითხზე პუტინი-ერდოღანის შეთანხმების ათპუნქტიანი გეგმის მე-5 პუნქტის თანახმად, “23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა”, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით “ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან”, – წერს სტატიის ავტორი.