მცხეთაში, ფერისცვალების დედათა მონასტერში ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ლიტურგია აღავლინა და იქადაგა.
პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ფერისცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ილია მეორეს თქმით, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ სასწაულს, რომელიც უფალმა სამი მოციქულის წინაშე ქმნა.
უწმინდესის თქმით, ”იესო ქრისტემ თაბორის მთაზე სამი მოციქული – პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სამოსელი გაბრწყინდა ვითარცა მზე და ნათელი იქმნა”.
უწმინდესმა საუბრისას აღნიშნა, რომ მაცხოვარმა მოციქულებს ის დიდება უჩვენა, რის ნახვასაც ისინი დაიტევდნენ.
”ყოველი ჩვენგანის მიზანია, რომ მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს”, – ბრძანა უწმინდესმა.
მცხეთაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.