როცა უკვე ჰოპ თქვი და გადახტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილება. ქანთარიამ კოლეგებს მოუწოდა ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.
„იდეალური არაფერია. ნებისმიერი გაცნობიერებული ადამიანი ერთ სისტემასაც ისე გაგიშავებს და მეორესაც, რომ საერთოდ არ მოგინდება არჩევნები და ასევე, პირიქით. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და ესეც უნდა გავიაროთ ახლა. თუ ჩვენ ამას ახლა არ გავაკეთებთ, მუდმივად იქნება ხინჯი იმისა და ისეთი რამები მიეწერება ამას, რომ ეს იყო გადამრჩენელი და ჩვენ ეს არ ჩავიდინეთ. მეორე მხრივ, ისეც ნუ გავაკეთებთ, რომ ისე გავასაცოდაოთ ეს თემა და ისეთნაირად მივიღოთ, რომ კვლავ მივცეთ საშუალება ასევე, მტრულ ძალებს რომ – ეს გამოვგლიჯეთ თორემ არ უნდოდათ. ეს მათი გაბედულების და ქვეყნის ზრუნვის შედეგი კი არა, არამედ, ჩვენ წავართვითო – ამის ქილიკის საშუალებას ნუ მივცემთ ამ ხალხს. გადაწყვეტილება რაც ვთქვით – შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს ისე, რომ ხალხის ნდობის მიხედვით, მაქსიმალური მანდატი აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. როცა უკვე ჰოპ თქვი და გადახტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არის მისაღები“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.