საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა.
როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსერვატორები“ ყოველთვის იდგნენ გუნდის გვერდით, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა.
„მინდა, განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინ ამბობს, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.