აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი. აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 738 მილიარდ დოლარს შეადგენს. 658 მილიარდი დოლარი თავდაცვის დეპარტამენტისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებს მოხმარდება. 71.5 მილიარდი დოლარი კი, საზღვარგარეთ ოპერაციებისთვის იქნება გამოყოფილი.
„აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია გაწერილი. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზეც.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო აშშ-ის ღირებული პარტნიორია და არაერთხელ გამოხატა ორი ქვეყნის საერთო ინტერესების წინ წაწევისადმი ერთგულება, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის გზით“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ევროპის შეკავების ინიციატივა“ საქართველოს აძლევს საშუალებას, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს აშშ-თან და ნატო-სთან და ამავე დროს განამტკიცოს თავდაცვისუნარიანობა.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ინიციატივაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ-თან და ნატო-სთან ურთიერთობისთვის, ასევე რეგიონში უფრო მშვიდი გარემოს შექმნისთვის.
„კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობას, მხარს უჭერს თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, უზრუნველყოს მისი ხალხისა და სუვერენული ტერიტორიის დაცვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და კრძალავს სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან. ასევე, სანქციებია გათვალისწინებული თურქეთისთვის, „თურქული ნაკადის“ პროექტებისა და რუსული თავდაცვითი სარაკეტო სისტემების შეძენის გამო. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ზომების მიღებას ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა უკრაინას. აშშ-ის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარება. მათ შორის საუბარია ლეტალური იარაღის შეძენისთვის განკუთვნილ თანხებზე.
აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ 11 დეკემბერს კონგრესში დაამტკიცეს. დონალდ ტრამპის ხელმოწერით კანონი ძალაში შევიდა.