ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრების გამო ტურისტებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
შტატის ხელისუფლება ამჟამად ტყის ხანძრების 100-მდე კერას ებრძვის.
„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ხანძრების ეპიცენტრებთან მდებარე გზებზე, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა შტატის ხელმძღვანელმა გლეიდისბერეჯიკლიანმა.
შტატის სახანძრო სამსახურის უფროსის ბენ შეფერდის განცხადებით, ახალი სამხრეთ უელსის დიდ ნაწილში გვალვაა, ზოგიერთ ადგილებში კი 12 თვის განმავლობაში არ უწვიმია. ამას ემატება რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, რაც ცეცხლის გავრცელებას უწყობს ხელს.
ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ოფიციალური მონაცემებით, მეხანძრეები ამ ეტაპზე დაახლოებით 100 ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურამ 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა.