ტაილანდში სპეცრაზმელებმა ამ დრომდე ვერ დააკავეს კაპრალი ჯაკრაპანტ ტომა, რომელმაც ქალაქ ნახონ რატჩასიმაში სროლა გახსნა. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები შევიდნენ იმ სავაჭრო ცენტრში, რომელშიც მსროლელი სავარაუდოდ მძევლებთან ერთად იყო გამაგრებული. სპეცრაზმელებმა შენობიდან ასობით ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა კაპრალი ტომა ვერ იპოვეს.
სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილი რჩება. სპეცოპერაცია უკვე 10 საათზე მეტია მიმდინარეობს.
32 წლის კაპრალმა ჯაკრაპანტ ტომამ ცეცხლი ჯერ თავის სამხედრო ნაწილში გახსნა. მან მეთაური და კიდევ 2 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც სამხედრო ავტომობილი გაიტაცა და ქალაქის ცენტრში მივიდა, სადაც სროლა გამვლელების მიმართულებით დაიწყო, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა. ის თავდასხმას პირდაპირ ეთერში Facebook-ზე გადასცემდა. თავდასხმას სულ ცოტა 20 ადამიანი ემსხვერპლა.