1 სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს პენსია გაეზრდებათ და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი.
„1 სექტემბრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ამოქმედდება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს გაეზრდებათ პენსია და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს. ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი. შშმ პირები სოციალური პაკეტით მათთვის განსაზღვრული თანხის 20%-ით გაზრდილ დანამატს მიიღებენ. ანუ მკვეთრად გამოხატული შშმპ-ს სტატუსის მქონე პირების სოციალური პაკეტი (ე.წ. 1 ჯგუფის ) ასევე 180 ლარი გახდება. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და მარჩენალდაკარგული ოჯახები 20-%-ით გარზდილ დანამატს, ანუ 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ზაზა სოფრომაძის თქმით, ყოველთვიური დანამატი მიეცემათ ასევე მედიცინის მუშაკებს.
„მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალს ყოველთვიური დანამატი მიეცემათ. ამ კატეგორიას განეკუთნება სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმები და ექთნები, რომლებიც ემსახურებიან მაღალმთიან რაიონებს. ასევე 4 სამედიცინო დაწესებულება: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ ; შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“ შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“, – განაცხადა სოფრომაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, შეღავათები შეეხებათ ასევე მაღალმთიან სოფელში მომუშავე სოფლის ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ – სერვისის მოწოდებაში.
„მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე დასახლებაში მომუშავე ექიმის დანამატი განისაზღვრება პენსიის ორმაგი ოდენობით, ანუ 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი განისაზღვრება 180 ლარით“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.