მივმართავ ლევან იზორიას, არა როგორც თავდაცვის მინისტრს, არამედ როგორც გაჭირვებაში მყოფი და – ძმას, იღონეთ რამე, – ამის შესახებ ზღვაში გეგმური წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცის, იაგო შარაძის დედამ, ელენე მაკრიდისმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს გარკვეული ეჭვები აქვთ მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ სურთ.
”ჩემი შვილი დაკარგული არ არის, მას სამხედრო ფორმა აცვია, ბალონები ჰკიდია და ის აუცილებლად უნდა ნახონ. ვიდრე ჩემი შვილის ერთი პატარა ნაწილიც კი არ იქნება ნაპოვნი, ყველა ჩვენგანს გვექნება ჩვენი ვერსია. ვთხოვე, არა როგორც თავდაცვის მინისტრს, არამედ როგორც საკუთარ ძმას, როგორც გაჭირვებაში მყოფი და სთხოვს ძმას, იღონს რამე, მომეხმაროს, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონდეს და ჩემს შვილიშვილებს ვაჩვენო”, – აღნიშნა იაგო შარაძის დედამ ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში.
თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი გეგმური წვრთნების დროს გონიოში ზღვაში 16 აგვისტოს გაუჩინარდა. უწყებამ ჯარისკაცები დაკარგულად გამოაცხადა.