საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას განაცხადა, რომ წელს არჩევნები იქნება გარდამავალი სისტემის, რომელიც შერეული და პროპორციული სისტემის ნაზავია.
მისივე თქმით, საქართველო აცნობიერებს, რომ მხოლოდ რეფორმები, ინსტიტუტების გამტკიცება, დემოკრატიის გაუმჯობესება და სამართლიანი არჩევნებია ქვეყნის გრძელვადიანი და წარმატებული განვითარებისთვის ერთადერთი გარანტია.
„ჩვენ გველოდება საპარლამენტო არჩევნები. ჯერ კიდევ ვატარებთ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ რომელი იქნება საქართველოსთვის საუკეთესო საარჩევნო სისტემა. უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება. ასე რომ, წელს იქნება გარდამავალი სისტემა, რომელიც არის შერეული და პროპორციული სისტემის ნაზავი. ამჟამად, ამ საკითხზე ცხარე პოლიტიკური დებატები გრძელდება და მოლაპარაკებებში ვართ ჩართული. საქართველო აცნობიერებს, რომ მხოლოდ რეფორმები, ინსტიტუტების გამტკიცება და დემოკრატიის გაუმჯობესება და სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გარანტია ქვეყნის გრძელვადიანი და წარმატებული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, დიდ ენერგიას ვდებთ ამის მისაღწევად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.