სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში მუნიციპალიტეტების შესასვლელებში ბლოკ-პოსტები განთავსდება და პატრული მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს.
„სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი.
დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანების გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება. ანუ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები – მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამიტომ პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელ რეგიონში, რათა ეს წესი იყოს დაცული“,- განაცხადა ჩიქოვანმა .