ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციას , რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ხელთ „ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, სიცრუეს უწოდებს.
ხალვაში ფიქრობს,რომ აღნიშნული სახის ინფორმაცია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად ვრცელდება.
„ამ ამბავს სოციალური ქსელით გუშინვე მივეცი ლაკონური რეაქცია, სადაც ვამბობ, რომ ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს. “ნაციონალი“ არის ყველა, ვინც, ცხოვრების წესით, ფულისა და ხელისუფლებისთვის, ყველაფერს კადრულობს. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი“ ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, არის სრული სიყალბე. „რუსთავი 2“–ის „აღმოჩენა“ დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივი პროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. უკვე მერამდენედ, ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილურად, სასამართლოს მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე. გუშინდელ ტელეეთერებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ლამის წერტილ–მძიმის სიზუსტით აღწერეს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ ამ „დოკუმენტის“ უეცრად და მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ.
ვიმეორებ, – ეს ე.წ.„დოკუმენტი“ არის ყალბი და რეალობასთან მას საერთო არაფერი გააჩნია. „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტი ცდილობს ფეხი აუწყოს და შეასრულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებები. ამ გზაზე კი მორიგი სიცრუე გახლდათ ის ფაქტიც, რომ მათ განაცხადეს, თითქოს ჩემთან დაკავშირებას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს… საინტერესოა, რა საშუალებებით ცდილობდნენ, რომ ასეთი მიუწვდომელი აღმოვჩნდი?!..
კეთილი, მე, ვთქვათ, ვერ დამიკავშირდნენ, როგორც განაცხადეს გუშინ ეთერში, მაგრამ ვერც ჩემს წარმომადგენელთან მოახერხეს დაკავშირება? ისინი მას მხოლოდ სიუჟეტის გასვლის შემდგომ დაუკავშირდნენ. ეთერში გასული სიუჟეტი კი მათ სტილში მომზადებული ფაბრიკაციაა.
ვაცხადებ მკაფიოდ, – რაც უნდა მოიხარშოს„ ნაცმოძრაობის“ ადუღებულ თავში, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილური, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ერთია და ამ დავაში ის ჩემს მხარესაა“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს
2016/09/05 18:59:02
კომენტარები
ნანახია: 1879 ჯერ