ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩის №1-ში მდებარე №37-ე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია 12 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
მერიის ინფორმაციით, №37 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 12 ჯგუფი შეიქმნება, რომელთაგან 3 იქნება ბაგა.
ორსართულიანი შენობა 2 300 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც სკოლამდელ განათლებას 450-მდე ბავშვი მიიღებს.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ამ ეტაპზე ბაღში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები და სპორტულ-გასართობი მოედნების მონტაჟი მიმდინარეობს.
გარდა აღნიშნული ბაღისა, მიმდინარე წელს თბილისში ოთხი ახალი ბაღი გაიხსნა, კიდევ ორის გახსნა კი უახლოეს კვირებში იგეგმება.