თუ რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, ეს თემა არ ამოწურულა და ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მთავარი ამოსავალი წერტილია დავიცვათ ერთმანეთი, ეკლესია, მრევლი, სასულიერო პირები და მაღალი იერარქიული პირები. აქედან უნდა მივიღოთ საბოლოო დასკვნა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება, თუმცა დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები.
„მაგრამ არის მთავარი ერთი. უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა იყოს დაცული. უნდა იყოს დაცული ის რეკომენდაციები, რაც გასცეს ავტორიტეტულმა ადამიანებმა.
ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანია. ეკლესია ყოველთვის იყო გამაერთიანებელი, ტრადიციების შენარჩუნების სერიოზული რესურსი. თუნდაც ის რომ საქართველომ საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებრიობა არ დაკარგა, არის ეკლესიის ღვაწლი.
და მეორე მხრივ არის რწმენის საკითხი. ვიცი რომ როცა მაცდურმა იესო ქრისტეს უთხრა, რომ გადმოხტი კლდიდან და უფალმა შენმა გიხსნასო, იესომ უპასუხა, რომ ნუ გამოცდი უფალსა შენსა. ეს არის მთავარი თემა და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ 1000 კაციდან ერთიც რომ აღმოჩნდეს ან ხიბლის ცოდვაში ჩავარდნილი, ან თავის თავზე შეხედულება ჰქონდეს ცოტა ზედმეტი ვიდრე უნდა ჩვეულებრივ ქრისტიანს ჰქონდეს. ერთმა კაცმა შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს მრევლიც და სასულიერო პირებიც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, მრევლს მართებს სერიოზულად დაფიქრება, რადგან ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი.
„ღმერთმა ნუ ქნას, ეს სულ არ არის დაკავშირებული არც ბარძიმთან, არც კოვზთან და არც წმინდა ზიარებასთან. იქამდე შეიძლება მოხდეს ყველაფერი, რასაც ავადმყოფობის გავრცელება ჰქვია. აქედან გამომდინარე ეკლესია ჩავარდება რთულ მდგომარეობაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.