საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებრია, რატომ არ მოსწონს “ნაციონალურ მოძრაობას“ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენების იდეა.
ამის შესახებ ექსპრემიერმა სამეგრელოში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკოსების არგუმენტები უსაფუძვლოა.
„სამაგალითოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ განმუხურში შესაძლოა ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო აშენდეს, რასაც მე ვაპირებ „თანაინვესტირების ფონდთან“ ერთად. “ნაციონალური მოძრაობა“ თავდაპირველად ამბობდა, რომ ზღვას, ზღვაზე მისასვლელს გვიკეტავენო. როგორ უნდა გადაკეტო ზღვა, ვერ წარმომიდგენია. ახლა ამბობენ, რომ ბულვარს ვითვისებთ. პირიქით, ბულვარი გაფართოვდება და უფრო საინტერესო იქნება. განმუხურში, ე.წ. საზღვართან რომ აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო, თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ეს პოზიტივის გარდა რამეს შეიცავს, ეს პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის, მისთვის,ვინც ასე ფიქრობს. ამის კომერციალიზაციაზე გათვლა ძალიან ძნელია. ვისაც ესმის ბიზნესი, ამაში დამეთანხმება. შესაბამისად, ეს მხოლოდ პატრიოტული გადაწყვეტილებაა, რომ ჩემს ქვეყანაში გაიზარდოს ტურიზმი და ასე შემდგომ. სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც ასეა – ვხარჯავ არა იმისთვის, რომ ფული გავაკეთო, არამედ იმისთვის, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და ჩვენი კურორტები საინტერესო გახდეს უცხოელებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, განმუხურში, “ფონდი ქართუს“ დაფინანსებით, დენდროლოგიური პარკის მშენებლობაც იგეგმება.
„ვისაც არ მოსწონს იქ სასტუმროს მშენებლობა, კიდევ უფრო გავაწბილებ და ვიტყვი, რომ იქ იგეგმება დენდროლოგიური პარკის მშენებლობა, რასაც ისევ “ფონდი ქართუ“ დააფინანსებს. მოგეხსენებათ, ანაკლია ულამაზესი ადგილია, იქ უნიკალური ბუნება და კლიმატია, მაგრამ ხეების სიმრავლით არ გამოირჩევა. ანაკლიაში ძირითადად დაბალი ბუჩქოვანი ტყეა შემორჩენილი. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ იქ ახალი ბოტანიკური ბაღი გაკეთდება 100 ჰექტარზე . “ქართუ ფონდს“ აქვს სურვილი ამის დაფინანსებისა“, -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.