საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს დღეს წარადგენს.
ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების, ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.
„ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო.
პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის – სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის;
ცხრა მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო;
ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; სამი თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.
შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლება ასეთივე თანმიმდევრული იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ეკონომიკური ცხოვრების ეტაპობრივი გააქტიურების პროცესში, რათა გლობალური პანდემიით გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.
პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან შექმნილი ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, რეგულარულად იკრიბება“, – აღნიშნავენ პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაში.