არცერთ ქართველ არტისტზე იმდენი არ დაწერილა, რამდენიც დაიწერა რამაზ ჩხიკვაძეზე. ლეგენდარული ქართველი მსახიობის შესახებ, „პრაიმტაიმს“ მისი შვილიშვილი რამაზიკო ჩხიკვაძე ესაუბრა, რომელიც მართალია ბაბუის კვალს არ გაჰყვა, თუმცა ხელოვნების სფეროშია და 23 წლის ტელე-რეჟისორს წინ დიდი გეგმები აქვს.
რამაზ ჩხიკვაძის უმცროსმა შვილიშვილმა, განათლება ბრიტანეთში მიიღო და ახლა “sky broadcasting”-ში მუშაობს.
მას არაერთ ბრიტანულ ტელევიზიასთან უწევს თანამშრომლობა, თუმცა საქართველოსაც ვერ თმობს და წლის მანძილზე, დროის გარკვეულ ნაწილს საქართველოში, ინგლისში ან ჩეხეთში ატარებს.
რამაზიკოს საქართველოში საკუთარი კომპანია აქვს, რომელიც სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.
– მე ჩეხეთში დავიბადე და გავიზარდე, როდესაც ბებიაჩემი გარდაიცვალა, მაშინ ჩამოვედი და დავრჩი საქართველოში. ორი თვის შემდეგ, სამწუხაროდ ბაბუაც დაიღუპა.

როცა ჩამოვედი ხშირი კონტაქტი მქონდა რუსთაველის თეატრთან, ერთ-ერთ მიუზიკლში ვითამაშე კიდეც.
მომეწონა სცენაზე ყოფნა. ასევე, ბაბუასთან ერთად ვითამაშე სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“, გადაღებული ვარ ფილმში „ბედის ირონია 2“.
სანამ მიუზიკლში ვითამაშებდი, შეხება მქონდა ტელევიზიასთან, იმ დროს, რუსთაველის თეატრში ტარდებოდა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, ასე დაიწყო ჩემი შეხება ტელევიზიასთან, ჯერ კოორდინატორი ვიყავი. პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ წავედი.
მინდოდა ჩემს სფეროში უფრო განვვითარებულიყავი, გამეცნო მსოფლიო სტანდარტები, ამიტომ სასწავლებლად წავედი ლონდონში და ასე მოვედი იქამდე, სადაც ვარ.
– თქვენი ოჯახი ჩეხეთში რატომ ცხოვრობდა?
– სანამ მე დავიბადებოდი, მანამდე გადავიდა ოჯახი ჩეხეთში. მამა სულ მოგზაურობდა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანია ჰქონდა და ასევე გახლდათ ავიაკომპანია „ორბის“ წარმომადგებელი ჩეხეთში, ამიტომაც დარჩა იქ საცხოვრებლად. ახლა ხან ჩეხეთშია ოჯახი, ხან კიდევ საქართველოში.
– როგორ გაიხსენებთ ბაბუას, რამაზ ჩხიკვაძეს?
– ძალიან ვუყვარდი ბაბუს, ჩემს მიმართ თბილი და ამავე დროს მკაცრიც იყო. უნდოდა ყველაფერი კარგად გამომსვლოდა. ბებია კი, საჯაროდ მოსიყვარულე გახლდათ, ბაბუს სიმკაცრის მომენტები ჰქონდა, ძირითადად სწავლაზე იყო მკაცრი. არ უნდოდა მსახიობი ვყოფილიყავი, რატომ არ უნდოდა არ ვიცი.
ზაფხულში ან ზამთარში ჩამოვდიოდით საქართველოში, ცოტა მოზრდილი როცა ვიყავი ბაბუ ძირითადად ჩვენთან იყო ჩეხეთში ან გერმანიაში მიდიოდა.
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ბაბუს შვილიშვილი, ვცდილობ არ შევარცხვინო მისი სახელი და გვარი.
ბოლოს, როცა ავად იყო, ჩვენგან მიღებული ბევრი სითბო არ მოსწონდა. მე კი სულ ჩახუტება მინდოდა და კოცნა, ამიტომ კოცნიას მეძახდა.
– თქვენი და – ნატაშკა ჩხიკვაძე რას საქმიანობს?
– დიზაინერია და ჩვენი ოჯახის ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. ერთი თვის წინ, ბავშვი გაუჩნდა და ახლა ისვენებს.
– რამაზ და ნატაშკა ჩხიკვაძეებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?
– ბაბუამ ბებო გემზე გაიცნო, სადაც დასასვენებლად იმყოფებოდა. სწორედ იქ შეხვდა ნატაშკას. ამიტომ ძალიან უყვარდა გემები და აგროვებდა კიდეც.
როცა ბაბუმ ხატვა დაიწყო, პირველად სწორედ გემი დახატა და ჩემს დას მიუძღვნა ეს ნახატი. საკუთარ ნამუშევრებს იდიოტიზმს ეძახდა, თუმცა ჩემი აზრით საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა.
ბებოს და ბაბუას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ხშირად კამათობდნენ სისულელეებზე. ფაქტიურად, როცა ბებიაჩემი დავასაფლავეთ, საფლავი გავაკეთეთ, 40 გავიდა და ბაბუაც ორ თვეში გარდაიცვალა.

– რა დაგრჩათ სახსოვრად ბაბუისგან?
– ბაბუს ძალიან უყვარდა კეპები, კოლექცია ჰქონდა, ასევე საათები და გემები. ძალიან მწყდება გული, მის მიერ ნაჩუქარი საათი რომ აღარ მაქვს.
ის საათი მას ბადრი პატარკაციშვილმა აჩუქა და ხშირად ატარებდა, ვარსკვლავის გახსნაზეც ეკეთა, შემდეგ მე მაჩუქა, 2-3 წლის წინ კი, თურქეთში მომპარეს და ვნანობ.
– რაში გეხმარებათ დიდი რამაზ ჩხიკვაძის სახელი და გვარი?
– არც ვცდილობ ბაბუის სახელი გამოვიყენო.
როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მაგ დროს ჩემმა უფროსმა ჩემი გვარი არ იცოდა, როცა კონტრაქტი დავდეთ მაშინ გაიგო.
მე მინდა ყველაფერი ჩემით გავაკეთო. მგონი გამომდის კიდეც.
– არ გაგიჭირდათ ინგლისში დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება?
– ინგლისში როცა ჩავედი რთული იყო ცხოვრების დაწყება. უნივერსიტეტი სადაც მე ვსწავლობდი, ლონდონიდან ცოტა მოშორებით იყო.
თუმცა ყოველდღიურად ჩავდიოდი ლონდონში, ცოტა დრო დამჭირდა, მალე მივეჩვიე იქაურობას, კარგი კურსელები მყავდა, დავმეგობრდით. დღეს ყველა მათგანი ბრიტანულ ტელეკომპანიებში მუშაობენ და ვაგრძელებთ ურთიერთობას.

წყარო: “პრაიმ ტაიმი”
