ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და სადაც საუბარია სამი ტელევიზიის დასანქცირებაზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და წაახალისოს ის მედიები, რომელსაც თავად აფინანსებს და მის პროპაგანდას ეწევა.
„ყველა მედია, ონლაინგამოცემა თუ ა.შ., რომელიც ფინანსდება ევროკავშირიდან ან საზღვარგარეთიდან, ყველა მათგანი ყველა კრიტერიუმით არის პროპაგანდის ინსტრუმენტი. შეხედეთ მათ სტატიებს, შეხედეთ მათ ინტერვიუებს. მაგალითად როდესაც ისინი იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ელჩისგან ან უცხოური აქტორისგან, არც ერთი კრიტიკული კითხვა ელჩის მიმართ, ვინაიდან თვითონ აფინანსებენ და შესაბამისად, კრიტიკულ კითხვებს არ იღებენ. არც ერთი კრიტიკული სტატია ბრიუსელის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, როდესაც ცდილობდნენ ისინი, რომ ეკონომიკურ ომში ჩავეთრიეთ რუსეთთან. ქართველები სხედან რედაქციაში და აკეთებინებენ ანტიქართულ საქმეს. თუმცა, ეს საქმე რომ არ გამოსდით და საბოლოო ჯამში ამის მხილებაც მოხდა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ შედეგიც არის, რომ როგორც ჩანს შეეშვნენ ამ ფარულ ქმედებებს და ვნახეთ, რომ ახლახან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ, საკუთარი პიარ დეპარტამენტის არხი გაგვიხსნა და პირდაპირ პოლონეთის მთავრობის პროპაგანდის იარაღი დღეს არის ქართულ სივრცეში, რომელსაც ცდილობენ დაამკვიდრონ, როგორც მედია. ქართველ ხალხს ნაცარს ვერ შეაყრის თვალში პოლონეთის მთავრობა. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ინსტრუმენტი, პოლონეთის მთავრობაზე მომუშავე რამდენიმე ქართველი, რომლებმაც პირველივე, რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას. თავს დაესხნენ ქართულ პოლიტიკური დისკუსიას სხვადასხვა ფორმით დეზინფორმაციით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
