ავტომობილში მჯდარი პირებისთვის მოხდა იარაღის და საბრძოლო მასალის ჩადება, ასევე, მტკიცებულებების გაყალბება, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
„2004 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ოქრუაშვილმა გასცა დავალება, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და ამ ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე, შედეგად, ეს ასეც მოხდა. ავტომობილში მჯდარი პირებისთვის მოხდა იარაღის და საბძოლო მასალის ჩადება, ასევე, მტკიცებულებების გაყალბება და პირები უკანონოდ იქნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძე კი, გამოაცხადეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს იკითხება მოწმე და გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა შემდგომშიც. არათუ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ ნებისმიერ საქმეზე მთავარი არის, რომ გამოძიების ვადაში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა სადრაძემ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დაიკითხება ორი მოწმე.
ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.