საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ მარნეულში და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
29 სექტემბერს მარნეულში ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე ბორცვაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული. კვლავ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დაველოდოთ. მას შემდგომ, რაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების ბრალეულობა და ჩვენ შევქმნით სათანადო სტანდარტს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მყისიერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.