საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელში იმყოფება, სადაც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს სახელით პატივი მიაგო პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ისრაელს მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ, მათ შორის 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს და პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურებსა და ებრაელ ხალხს საქართველოს სახელით გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალება პირადად მიუსამძიმრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე საშუალება ჰქონდა, გასაუბრებოდა კანადის პრემიერ-მინისტრს, ლატვიის პრეზიდენტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფ სხვა ლიდერებს.
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.