მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ორგანულ კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ.
„ასევე, არიან ძალები რომლებიც აცხადებენ, თითქოს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ლექციები წაუკითხავს, შემდეგ ამ ლექციების შედეგად წიგნი შემდგარა, ბატონ ირაკლი ლექციები მომისმენია და მართლაც ძალიან საინტერესოა. წიგნები არა მხოლოდ შემდგარა, თავადაც დაუწერია. ასაღებენ, თითქოს, პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი. ეს მორიგი ყალბი ინფორმაცია და სიყალბეა. პოლიტიკური ბოიკოტი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, ჟესტია და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია განასხვავო, პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ასე დავარქმევდი. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ. ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მათ საქმე აქვთ ხალხთან, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა.
„ჩვენ ეს მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განყოფილებას, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, მირჩი, კიდევ არ ვიცი რა ჰქვიათ, აღმაშენებელი, სამეფო პარტიაა ასეთი, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდეგ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება, თუმცა ეს ასეც არ იქნება, ჩემი აზრით, მისასალმებელი საქციელია. ამიტომ, ეს ზღვარი რომ გაივლოს მკაფიოდ, ამაზე თქვენთან ერთად ჩვენ ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.