ექსტრადაციასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
კანონპროექტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კატეგორიის ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სასამართლო განჩინების გარეშე დაკავება ხდება შესაძლებელი. მხედველობაში მიიღება, დაწყებულია თუ არა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები ძებნილი პირის გადაცემის (ეტაპირების) ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, აგრეთვე დასაშვები ხდება, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება/ხელახალი გამოყენება ან აღკვეთის სხვა ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-12 ნაწილითა, ასევე 198-ე მუხლით გათვალისწინებული პატიმრობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნებისა და საფუძვლების მხედველობაში მიღების გარეშე. ამ მუხლთან მიმართებაში კანონპროექტში არის დათქმა, რომ, ამ შემთხვევაში, პირის საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
„აღნიშნული პროცედურის გამოყენების შემთხვევაში, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოში ეტაპირება დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში – სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კანონპროექტი ადგენს, რომ აღკვეთის ღონისძიების – გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ამგვარი მიდგომის მიზანი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირის უფლებების დაცვაა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, გირაოს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლა ხორციელდება არა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გირაოს პირობების დარღვევის გამო, არამედ პროკურორის ინიციატივით, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე და უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ინიცირებისთვის 15 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინება.