მკვლევარი და მწერალი პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელი, სოციალურ ქსელში სვეტიცხოვლობის დღეს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
“ექსკლუზივ ნიუსი” სტატუსის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ნუ ჩამომართმევთ კადნიერებაში რადგან საკითხს რომელსაც მე შევეხები, პირველად გააჟღერა:სახელმწიფო მოღვაწემ, განმანათლებელ-ენციკლოპედისტმა, მწერალმა,მეცნიერმა, ლექსიკოგრაფმა, გამორჩეულმა მებრძოლმა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ეს შვილმა იოანე ბატონისშვილმა. და მაინც რა გვითხრა ბატონიშვილმა რომელსაც უცილობლივ ეცოდინებოდა მისი ოჯახიდან თუ საისტორიო მასალებით ვის სახელობაზე იქნა აშენებული საქართველოს უპირველესი ტაძარი! მაშ ვნახოთ რას გვეუბნება სვეტიცხოველის შესახ მისი ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ძეგლში “კალმასობა”-ში.კიდევ ერთხელ ხმამომაღლოდ ვიტყვი რომ: ვერ დავიჯერებ ერეკლე მეფის და გიორგი XII-ეს ოჯახიშვილს არ ცოდნოდა და ეცრუა ქართველთა უდიდესი სიწმინდის სვეტიცხოველის შესახებ. პატივი უნდა მივაგოთ”კალმასობის” აღმოაჩენისთვის დიდ ისტორიკოსს, მკვლევარს,არქეოლოგს და ეთნოგრაფს დიმიტრი ბაქრაძეს რომელმაც 1861წელს გააცნო საზოგადოებას ეს ნაწარმოები.უნდა ითქვას რომ ჩვენ ქართველებს ივანე ჯავახიშვილამდე ასეთი მცოდნე მისი საქმისა არ გვყავდა.სიტყვაც არ დაუძრავს ბატონ დიმიტრის როგორც მეცნიერსა და მკვლევარს ბატონიშვილის ამ მტკიცებულებაზე. რაც თანხმობას ნიშნავს!!!ეხლა კი პირველად, თუ ვის სახელზე მონათლეს ტაძარი იგი და ბევრ საინტერესო ისტორიული მასალა- ამონარიდი “კალმასობიდან”.
“- მშვიდობა შენდა, მოურავთ მოურაო!
ბ ე ც ი ა: და სულისაცა შენისა თანა, წინამძღვართ წინამძღვარო!
ი ო ა ნ ე: მე ჯერეთ იპოდიაკვანი ვარ და რად მკიცხავთ?
ბ ე ც ი ა: მაშ როგორათაც თქვენ არა ხართ წინამძღვარი, არც მე მოურავთ მოურავი ვარ და შენ რად გამკიცხე?
ი ო ა ნ ე: რადგან ეს მცხეთა პირველი დედაქალაქი იყო უწინდელსა დროსა შინა, ამა ქალაქის მოურავნი სხვათა მოურავებთა ზედან უფროსნი იყვნენ, და მე იმავე ტიტლით მოგიკითხეთ და არა კიცხვით.
ბ ე ც ი ა: გმადლობ, მაგრამ ახლა ერთი სოფლის ამხანაგიც ძლივღა არის ეს ადგილი.
ი ო ა ნ ე: მაგას თავისი პატივი მაინც არ მიეხდება.
ბ ე ც ი ა: ვითარ?
ი ო ა ნ ე: რადგან ეს წმინდა ეკლესია სვეტიცხოველისა, წმინდა პეტრეს მოციქულის და პავლეს მოციქულის სახელზედ აღშენებული, აქა დგას, იმას ეს პატივი აქვს, რომ ვერც მეფე საქართველოსა სხვას ეკლესიაში ეკურთხება და ვერცა მღვდელთმთავარნი, რომ ამით უმეტეს პატივცემულია ეკლესია ძველადვე და აგრეთვე სასაფლაოც მეფეთა და კათალიკოსთა არს, ამისთვის სხვა სოფლებს არ შეესწორება.
ბ ე ც ი ა: რად არის ეს ეკლესია სხვათა ზედან უმეტეს პატივცემული?
ი ო ა ნ ე: ამისთვის, რომელ პირველად აქ მიიღო მირიან მეფემან ქრისტიანობა წმინდის ნინოსაგან, და ეკლესიაც აქ აღშენდა უწინარეს სხვათა ზედა, გარდა მანგლისისა. აქედან მიეფინა ყოველთა მართლმადიდებლობა საქართველოს ერთა და აქ გამოჩნდა კვართი იესო ქრისტესი, ისევ თქვენის გვართაგან მოტანილი, წმინდა სვეტი აქ აღიმართა საღმრთო განგებითა და წმინდა მირონი აქ აღმოცენდა და სასწაულნი და ნიშნი აქ იქმნეს პირველ.
ბ ე ც ი ა: დია კარგად მაცნობე, და მითხარ: ეს სვეტი ცხოველი რომლისა ხისა იყო?
სვეტის ცხოვლისათვის
ი ო ა ნ ე: ეგე, სწორედ საღმრთო წერილებშიაც რომ ჰსწერია სარო, რომელსა კიპაროზს უწოდებენ, ის ხეა საღმრთო განგებით აღმოსრული აქა, ნიშნად საღმრთოს კვართისა, ვინადგან ქრისტე ურიათა საროსა, ნაძვსა და ფიჭვსა ზედან ჯვარს აცვეს, ეს ხეც მის საღმრთოს კვართის მოპოვების მიზეზი იყო და მოქცევისა ჩვენისა ნიშანი, რომელიცა იქმოდა სასწაულებსა, ესრეთ, რომელ ოდესაც დაჭრილი ნადირი შეეხებოდა ამა ხესა, განიკურნებოდა, აგრეთვე ავადმყოფნი, ანუ ფრინველნი მტკივნეულნი განიკურნებოდნენ, და ოდეს მოაქცია წმინდა ნინომან აქაურობა და ენებათ ეკლესიისა აღშენება ამა ხის ადგილს აღაშენეს ეკლესია, და ეს ხე რომ მოჰკვეთეს, ვერღა უძლეს აღმართვად. მაშინ წმინდას ნინოს ლოცვით ანგელოზთაგან აღიმართა და ჰაერსა ზედა იყო აღმართულ რა იოანემ მადლობა ჰკადრა. წარვიდა ბინაზედ და მერე მოილოცა ეკლესია და ვახშმად მივიდა ბეციასთან. რა ვახშმად დასხდენ, ბეციამ ჰკითხა იოანეს:
– იმ სვეტიცხოველის ხის ნარჩომები რაღა უყვესო?
ი ო ა ნ ე: იმ ხიდგან სამი დიდრონი ჯვარი შექმნეს: ერთი დასდგეს გაღმა ამ ჯაჭვის ეკლესიის ადგილს, რომელსაც ზედა ყოველთვის ნათელი იხილვებოდა და მრავალს სასწაულს იქმოდა. მეორე დასდგეს თხოთის მთაზედ, რომელ აწ უღელტეხილად იწოდება, სადაც რომ მირიან მეფეს დღე დაუბნელდა და შიშით აღუთქვა გაქრისტიანება და კიდეც მოიქცა, იმის მოსახსენებლად დადგეს იმ მთაზედ… ხოლო მესამე დასდგეს უჯარმის მთაზედ, და ისიც ამ სახით სასწაულს იქმოდა.
ბ ე ც ი ა: მაგ ჯვარებს რომელნი ხალხნი ესვიდენ?
ი ო ა ნ ე: ამ ჯაჭვის საყდარზედ რომ ჯვარი ესვენა და თხოთის მთაზედ, მთლად ქართლი, გაღმა მხარი და გამოღმა მხარი, სასომხეთი და მთები, არაგვი და ქსანი და სხვანი აქ მოვიდოდენ სალოცავად, და სნეულნი აქ განიკურნებოდენ. უჯარმას – ერწო თიანეთითურთ, ფშავით, ახმეტით, მარტყოფით და გვერდისძირით, ესე იგი, ვიდრე ჯიმითადმდე, აქ მოვიდოდნენ და ილოცევდენ. ხიზიყიც, მთლად კახეთი შიგნითი და გაღმა მხარი, და ჯიმითს აქეთ მოსახლე მუნ ილოცევდენ, და ასე იყო განწესებული. ხოლო ხიზიყი მთლად ნინომ მოაქცია და მუნვე გარდიცვალა, და მას აქეთაც მუნ დღესესწაულობენ.
ბ ე ც ი ა: რა იქნა ის ჯვრები?
ი ო ა ნ ე: იტყვიან რომელნიმე, ვითამც ბოჭორმის ჯვარი ჩოლაყაანთ ჰქონდეთ. ასეც იტყვიან იმ ხისა იყოს ის რომელიც უჯარმას იყო. მეორე, რომელიც აქ ჯაჭვის იყო, მცხეთას დარჩა. იტყვიან, სამეფო სამად რომ გაიყო, იმერეთის მეფეს მისცეს წმინდის გიორგის ოდენსამე ხანსა, და მერე თვითვე დაეყრდნო ძირსა ზედან თვისსა, აღმოსცენდა მირონი ძირსა მისგან და მრავალსა სასწაულსა იქმოდა, ვითარცა სწერია ვრცელსა „ცხოვრებასა“ შინა. და ამის გამო მუნიდგან ეწოდა სვეტიცხოველი. მირიან მეფეც აქ ეკურთხა მეფედ, კათალიკოზნიც, სხვა სამღვდელონიც, და იმის გამო მუნიდგან შეიქმნა უპირველესი ეკლესია.
ბეციას დია იამა ამისი უბნობა და მუნებურს ხალხსაც, ბინა მისცა იოანეს და ვახშმად თვისთან მიიწვია.ნაწილით ჯვარი, რომელიც ახლა არგვეთში, ჩხარის ეკლესიაში, ასვენია. კვალად იმ ხის ნარჩომიდან შექმნეს სამნი წვრილი ჯვრები: ერთი ახლა თელავს ჯვარპატიოსანში ასვენია და სხვანი კი არა ჩანს. გორისჯვარსაც იყო ამ ხიდამ ერთი მომცრო ჯვარი.
ბ ე ც ი ა: მე ასე გარჩევით ვერავისაგან ვცანი. გმადლობ, იოანე! და ესეც მიბრძანე, ამ მცხეთის ბაჟს აღარ მანებებენ და რა მიზეზია?
ი ო ა ნ ე: რადგან მოურავი ბრძანდებით ამ ადგილისა, თქვენგან უფრო რიგი იყო, ამგვარები ჩვენ გვესწავა, მაგრამ, რადგან მიბრძანეთ, მოგახსენებ.
ბ ე ც ი ა: სად უნდა მესწავლა ამგვარები?
ი ო ა ნ ე: ორთა კათალიკოზთა მოურავი ბრძანდებოდით და ხართ, და ამაზედ უკეთესი მეცნიერნი ჩვენსა ქვეყანასა შინა არავინ იპოებიან, და იქ უნდა გესწავათ.
მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ბერო, რაოდენიც კაცი კათალიკოზებს ახლდა, თუ ყოველს მეცნიერება ესწავლა, ვგონებ, ნახევარი ქართლი მეცნიერი იქმნებოდა.
ი ო ა ნ ე: ზურაბ, ეგ კი არ იქმნებოდა, მაგრამ ეს რადგანაც აზნაურიც არის და მოხელეც, იმას კი უნდა ესწავლა რამე.
ზ უ რ ა ბ ა: ათის თავის აღება კი უსწავლია და სხვა მეტი რა უნდა? ახლა ბაჟის საქმე შენ ასწავლეო!
მაშინ ი ო ა ნ ე: აჰა, ვეტყვი ბაჟის საქმესაც! ძველად, ოდეს ქალაქი იყო ეს მცხეთა, ბაჟიც, იჯარებიც, ზვერიც და სხვა შემოსავლები აქ იყო განწესებული ასაღებად, და ოდეს გარდიტანეს ტფილისს, ახლა იქ არის. ამ ხიდის ბაჟისა ასე მოიხსენეთ: მეფე ერეკლემ რა მეფობა მიიღო, დიდი ლეკიანობა და აღრეულობა იყო ქართლსა და კახეთსა შინა, ასე რომ დაღისტნიდამ ჯარი რომ წამოვიდოდა, საგურამოს თუ ყარაიაზედ ამოივლიდა. მტკვარს თუ ვერ გავიდოდნენ, არაგვს გამოვიდოდნენ, ამ მცხეთას თავს გარდივლიდნენ და ამ ხიდზედ გავიდოდიან. ზოგნი ახალციხეს აღვიდოდენ, ზოგნი არმაზიწყალს და ძეგვისაკენ შეკრავდენ და ზოგნი მუხათგვერდსა, და ესრეთ ახდენდნენ მგზავრთა. მეფემან ირაკლიმ ეს ღონე იხმარა, რომ ამ ხიდის გადაღმა და გამოღმა კოშკები გააახლებინა, შიგ კარგი ვაჟიკაცნი დააყენა, რომელნიც ამ გზებსაც სცვიდენ, მგზავრთაც მშვიდობიანათ ატარებდენ და ვეღარც ამ ხიდზედ ლეკნი გადიოდნენ. და ამათთვის მეფემან ურემზედ შაური განუწესა და ფქვილი ერთი ჩანახი, და ამ ყარაულებს ეძლეოდათ. და ოდეს მეფემან სიმხნითა თვისითა მრავალს ადგილს სძლო ლეკთა და შიშსა შინა მოიყვანა, დამშვიდდა ქვეყანა, ეს ხიდის ბაჟი არ მოიშალა, მაინც რამდენიმე კაცნი განაწესნა და ქარავანსა და ვაჭარსა ზედან იღებდენ ორ შაურს. და ამ ეკლესიის გასაახლებლად იღებდენ, და ესრეთ ნელ-ნელა აახლებდენ, რომელიც თითქმის ორს თუმნამდინ შემოსავალი დგებოდა. და, აჰა, მიხედეთ, რომელს მოურავს აქვს ამდენი ბაჟის ადგილი, რომ ესეოდენი ფული შემოუვიდეს? და მე რადგან მკითხეთ, ეცადეთ ისევ ათის თავი გაირიგოთ, და არა სრულიად იდაოთ, რომ ეგ ათის თავიც არ დაგეკარგოთ.”
მაშ ასე ქართველებო, მოციქულთ თავთა პეტრეს და პავლეს სახელს ატარებს პირველნაშენი სვეტიცხოველი.
ვიმსახუროდ ისე, ცხოველმყოფელი გვილოცვიდეს სვეტიცხოველობას, და ყოველსა დღესა ჩემს ერს!”, -წერს პეტრე ქოჩაკიძე.