ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია და პარტნიორებიც ადასტურებენ, რომ რუსეთისთვის სანქციები ნამდვილად მტკივნეულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„ზეწოლა თუ კიდევ გაიზრდება, ეს რუსეთს წაახალისებს, ნამდვილად იფიქროს სხვა რამეზე, ფრონტისა და მეზობლების სიძულვილის გარდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი აზერბაიჯანს ემუქრება, რაც ყველა პარტნიორმა უნდა აღიქვას, როგორც საფრთხე ყველასთვის, ვინც რუსეთთან ახლოს არის.
„დღეს ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. მადლობა გადავუხადე მას უკრაინის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ასევე გამოვუცხადე სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა აზერბაიჯანს. ახლა რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ სიძულვილის ახალ კამპანიას იწყებს და რუსეთში ორი აზერბაიჯანელი ადამიანის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ის ემუქრება აზერბაიჯანის სახელმწიფოს. ყველა პარტნიორმა ეს უნდა აღიქვას, როგორც საფრთხე არა ერთი ადამიანის, არამედ ყველასთვის. ყველასთვის, ვინც რუსეთთან ახლოსაა. ზოგიერთის მოკვლით და სხვების დამცირებით, რუსეთი ცდილობს, ყველას დაშინებას და დამორჩილებას. ეს უნდა შეწყდეს. ყველა ერის სიცოცხლე საკმარისად დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.