“ქვეყანაში, სადაც მერაბ კოსტავა ცხოვრობდა და პოლიტპატიმრად იწოდებოდა, ჟორიკა რურუას, შარაგზის ყაჩაღის პოლიტპატიმრად აღიარება არის სამარცხვინო”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, გიორგი რურუას მინიმუმ სამი ქართველი ოჯახი ედავება და საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობას აბრალებს.
„რაც მინდა, ვთქვა ამ ჯგუფის [ოპოზიციის] მიმართ არის ის, რომ ისინი ვერასდროს მოიცილებენ შუბლიდან იმ კაენის ნიშანს, რასაც ჟორიკა რურუას პოლიტპატიმრობა ჰქვია. ეს არის კაენის ნიშანი. ყველა მათგანი ამ კაენის ნიშნით იქნება მთელი თავისი ცხოვრება და ვერანაირად ვერ წაიშლიან შუბლიდან. ქვეყანაში, სადაც მერაბ კოსტავა ცხოვრობდა და პოლიტპატიმრად იწოდებოდა, ჟორიკა რურუას, შარაგზის ყაჩაღის პოლიტპატიმრად აღიარება არის სამარცხვინო. პრაქტიკულად, ევროპის სტრუქტურები, ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული პოლიტიკოსები აიძულეს, რომ ისინიც, ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობას დათანხმებოდნენ. ჟორიკა რურუას მინიმუმ სამი ქართველი ოჯახი ედავება და საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობას აბრალებს. ეს არის რეალობა, ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენდა ჟორიკა რურუა და მისი ბანდა. ჟორიკა რურუამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , შალიკოს ფანჩატურმა და ყველამ, ვინც ეს კაენის ნიშანი დაიდგეს, მინდა, იცოდნენ, რომ ეს მათთვის ასე მარტივად არ ჩაივლის. მთელი ცხოვრება თან დაჰყვებათ ეს ცოდვა, რომელიც ქართველი ხალხისა და ქართველი სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინეს.
მინდა გითხრათ, რომ ეს ჭირი, რომელიც მათ დამართეს ამ ქვეყანას, ყველა ჩვენგანზე გადმოედინება“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში „ყველაფერი აღრეულია“.
„დანიის, ბელგიის, ნებისმიერი სხვა ქვეყნის პარლამეტარებმა, რომლებიც ევროკავშირში არიან, ნაკლებად იციან, ვინაა ვაშაძე, სამადაშვილი, „ნაციონალი“, მშენებელი, აღმაშენებელი თუ დამანგრეველი. მათ იციან ქვეყანა – საქართველო. იციან, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, კრიმინალი, ბანდიტი, რომელიც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ შერაცხულია პოლიტპატიმრად. ისევე, როგორც პოლიტპატიმრად სამარცხვინო ადამიანი – გიგი უგულავაა შერაცხული და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ისევე, როგორც ოქრუაშვილი, ახლა კიდევ მელია, რომელიც თავის დროზე დანაშაულის გამო იყო მსჯავრდებული, როდესაც კერძო ბანკი გააკოტრა. ასობით ადამიანია დაპატიმრებული აშშ-ში, სენატის შტურმის გამო, ზუსტად იმავე დანაშულის გამო, რომლის სათავეშიც ნიკანორ მელია იდგა. ის ჩვენთან ამ პოლიტიკური ჯგუფის მიერ პოლიპატიმრადაა შერაცხული.
ყველაფერი აღრეულია ამ ქვეყანაში. ამ ყველაფერს ხელს უწყობს 3 ტელესაროსკიპო. „მთავარს“ აფინანსებს დამნაშავე და ძებნილი სააკაშვილი, „ფორმულას“ აფინანსებს დამნაშავე, ძებნილი, ხაზინის ქურდი კეზერაშვილი. „tv პირველს“ აფინანსებენ თაღლითი წერეთელი და ორი ადამიანი, ვისაც პოლიტიკაზე აქვთ პრეტენზია, რომლებსაც სურთ, თავი დააღწიონ ქართულ მართმსაჯულებას, რადგან დიდი ეჭვია, რომ თაღლითური გზით საკუთარი ბანკის ფული მიითვისეს. ისინი თავგამოდებით იცავენ მელიას, რათა გარანტია შეიქმნან, რომ თუ მათი დანაშაული დამტკიცებული იქნება, როგორმე თავადაც პოლიტპატიმრებად იქნან შერაცხულები. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეცაა ქართული საზოგადოება. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა აღკვეთოს. ამის ასე გაგრძელება დიდ საფრთხეს წარმოადგენს“ – განაცხადა ხაინდრავამ.