რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას.
„მშვიდად, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ნამდვილად ამ პერიოდის გავლა. თუმცა საფრთხეები, რა თქმა უნდა, მუდმივად არსებობს. ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რეგიონში, ფართო რეგიონში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული, იმავდროულად ფრთხილი. სწორედ ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ბევრად უფრო მეტი დაფიქრება და სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე შეიძლება სხვა სახელმწიფოებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფნის“ როლსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე, რაც გლობალური ინტერესის საგანს წარმოადგენს.
„შუა დერეფანს“ ნამდვილად ბევრი სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყველა მოთამაშეს. აქ არ არის საუბარი ერთი მოთამაშის ინტერესებზე, ამ დერეფნის არსებობა და განვითარება არის ყველას ინტერესში. დღეს თუ გლობალურად ავიღებთ მთავარ, მნიშვნელოვან მოთამაშეებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველას შეიძლება, ჰქონდეს საკუთარი ინტერესი ამ დერეფნის განვითარებაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
