ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშში ევროპარლამენტმა ქართული ეკლესია მოიხსენია, როგორც რუსული ქსელის ნაწილი. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რის გამოც საპატრიარქომ საჭიროდ მიიჩნია, რომ დუმილი დაერღვია და წარმოედგინა მთელი სურათი, როგორ მიმდინარეობდა მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
დოკუმენტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ამ რეზოლუციაში. ამის დიაგნოზია, რომ თავისი უნიათობით, არაჯანსაღი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს”, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე,
ინტერვიუს დროს დეკანოზმა გაიხსენა ფაქტი, რომელიც 2023 წელს მოხდა და ამ დრომდე ცნობილი არ იყო.
„არ გავახმაურეთ თავის დროზე იმიტომ, რომ ისედაც პოლარიზაცია იყო საზოგადოებაში. საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საპატრიარქოში”, – იხსენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
იგი საუბრობს ჰაჯა ლაბიბიზე, რომელიც დღეს უკვე ევროკომისარია თანასწორობის საკითხებში და სწორედ მან წარმოადგინა ახალი 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც ევროკომისიამ გასული წლის ოქტომბერში დაამტკიცა. 2 წლით წლით ადრე კი ის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს მივიდა საპატრიარქოშიც.
„ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად უცნაური და გაუგონარი რამ გვთხოვა. მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის [საზოგადოებისთვის] მიუღებელია ერთნაირ სქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში.
აი, წარმოიდგინეთ, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო ჩვენი მხრიდან – არსებობს ამის ფოტო მასალა, ქორეპისკოპოსი ესწრებოდა ამ შევხედრას და ამ ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ გვითხრა ჩვენ’, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი იხსენებს, რომ შეხვედრაზე მან იმ დროს გახმაურებული მაგალითი მოიყვანა.
„ამ ლგბტ დღის წესრიგიდან მოვუყვანე იმ დროს ძალიან გახმაურებული შემთხვევა და ვუთხრი, რომ თქვენმა ლგბტ დღის წესრიგმა მოიტანა ეს შემთხვევა, როდესაც სპორტული შეჯიბრების დროს ქალი სპორტსმენი, ბოქსიორი რინგზე ისე სცემა ტრანსგენდერმა, რომ ინვალიდად დატოვა ეს ქალი და ის სპორტსმენი ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ ჩემპიონატისთვის, კაცი გავიდა რინგზე და დაასახიჩრა, მოტეხა ყბა”, – აღნიშნა დეკანოზმა.
მისი თქმით, ამაზე სტუმარს პასუხი არ ჰქონდა.
„აქ მე დისკუსიისთვის არ ვარ მოსულიო, დასტაცა თავის ფურცლებს ხელი და წავიდა, პასუხი არ ჰქონდა ამაზე რა პასუხი შეიძლებოდა, ჰქონოდა”, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
„ამის მერე ფაქტობრივად მე არ მახსენდება, რომ ევროპის წარმომადგენლები მოსულიყვნენ საპატრიარქოში. ახლა, რაც საქართველოს ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, კვლავ განახლდა ეს ურთიერთობები საელჩოებთან და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები არის”, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
