სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ბოტანიკური ბაღი და ბოლო პერიოდის განმავლობაში 23 მლნ ლარი დახარჯა მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”ზოგიერთი ოპონენტის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს საკუთარი ეზოს კეთილმოწყობისთვის აკეთებს, სრული აბსურდი და სიცრუეა, საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ პროექტის სიკეთესა და მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარებისთვის. მარტივი ფაქტია, რომ ტერიტორიები, რომლებზეც ამჟამად მიმდინარეობს საუბარი, მდებარეობს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სრულიად საპირისპირო მხარეს, ბოტანიკური ბაღის გადაღმა და ეს ტერიტორია ბოტანიკური ბაღისგან ციცაბო კლდით არის გამიჯნული, შესაბამისად ეს მოსაზრება ყველანაირ მსჯელობას მოკლებულია და ვინც რუკას დახედავს, ან ესტუმრება ამ ადგილებს, მარტივად დარწმუნდება ამ მოსაზრების აბსურდულობაში. თავის დროზე, სწორედ, ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მომხდარიყო განაშენიანება, სწორედ მან გადაარჩინა ბოტანიკური ბაღი და ბოლო პერიოდის განმავლობაში 23 მლნ ლარი დახარჯა მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.