„ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ფაქტს ეკლესია ვერ გაამართლებს. ეს სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. ვაცხადებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანად უნდა გამოიხატოს. როგორღაც, ეს უნდა მოვახერხოთ და არავითარ შემთხვევაში, არავის მიმართ, მათ შორის, არც ჟურნალისტებისადმი, არ უნდა იყოს აგრესიული დამოკიდებულება“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, „რუსთაველის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებმა, ცალკეულ პოლიტიკოსებთან და უფლებადამცველებთან ერთად, წააქეზეს ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ აქციას ეწინააღმდეგებიან.
„დაანონსების შემდეგ, ერთი თვეა, მოსახლეობის მხრიდან ვისმენთ აღშფოთებასა და მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, მოხდა მაქსიმალური ესკალაცია. ორგანიზატორებმა არანაირად არ გაითვალისწინეს მოსახლეობის ეს განწყობები. პოლიტიკოსებმა, უფლებადამცველებმა ეს ხალხი წააქეზა. სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში, შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად დაეპირისპირებინათ ხალხი ერთმანეთისთვის“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ. ე.წ. „ღირსების მარშის“ გამართვის მოწინააღმდეგეები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.
დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება.
„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.