„თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას პასუხობს. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ მათ „ღირსების მარშის“ ჩასატარებლად დახურული გამოფენის ტერიტორია შესთავაზეს, რაც ორგანიზატორის აზრით, არ არის დაანონსებული ადგილის ალტერნატივა. ამიტომ, ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ და არ აპირებენ გეგმების შეცვლას.
გიორგი თაბაგარის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრემიერს კონტრ-აქციის მონაწილეებისთვის მოეწოდებინა ძალადობის შეწყვეტისკენ, მან არასწორი აქცენტი დასვა.
პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ. ე.წ. „ღირსების მარშის“ გამართვის მოწინააღმდეგეები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„თბილისი პრაიდმა“ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ.
დღესვე, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება.
„5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.