განათლება ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს განათლების სურვილი, ჰქონდეს ეს შესაძლებლობა. შესაბამისად, ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტს ვუფინანსებთ განათლებას: ეს ეხება ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზეც და ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლა 5000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა.
„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ თვითონ უნივერსიტეტებთან, ასევე სამინისტროსთან. პანდემიის ფონზე გაიზარდა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც დასჭირდათ დახმარება და ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ კრიტერიუმები. მაგისტრანტებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამა: ეს არის სტიპენდია ყველა წარჩინებული სტუდენტისთვის, არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის. ეს არის გარკვეული წახალისება და 1000-ზე მეტი ასეთი სტიპენდიანტი გვყავს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე განმარტებით, საუბარია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტებაზე.