შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილე კიდევ 5 მოძალადე დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულია ასევე 3 პირი, რომლებიც თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს.
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია: 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. 1997 წელს დაბადებული თ.გ.
თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის დააკავეს – 1992 წელს დაბადებულ გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა.-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია სირცხვილიას ოფისში, ტელეკომპანია ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს – ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა – გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.
დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა
მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე სულ 15 პირია დაკავებული, მათ შორის პუტინისტური დაჯგუფების წევრი, რომელმაც ტაბულას ჟურნალისტს კეტი ჩაარტყა. პუტინისტმა ორკებმა 5 ივლისს ფიზიკურად 55 ადამიანზე იძალადეს, აქედან 53 – მედიის წარმომადგენელია.