მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში, საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით, აშშ ავღანეთში 3 ათასამდე სამხედროს გააგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ამჟამად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 650 ამერიკელი სამხედროა განთავსებული.
ჯონ კირბის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება დამატებით ძალებს საელჩოს დაცვის მიზნით აგზავნის.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას არ ნანობს.
ბოლო მონაცემებით, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ყანდაარი და ჰერათი აიღო. რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს.