ერთ-ერთი აეროპორტი, რომელსაც 2008 წელს არ ბომბავდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყო, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო ისე, როგორც მოიქცა ავღანეთის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იყო, რაც მოხდა სოხუმში 1993 წელს და ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ მიმეღო ზოგიერთი ჩვენი „კეთილმოსურნის“ წინადადება, დავმორჩილებოდი რუსეთის შანტაჟს და დამეტოვებინა ქვეყანა, რადგან ერთ-ერთი აეროპორტი, რომელსაც არ ბომბავდნენ და რომელიც გახსნილი იყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყო, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო ისე, როგორც მოიქცა ავღანეთის პრეზიდენტი განი. მე ამაზე კატეგორიულად უარი ვთქვი, რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა იმ სცენებს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჩამოიშალა ავღანეთის არმია – ჩამოიშალა კორუფციისა და სრული რწმენის არქონის გამო საკუთარ მთავრობაში.
ის, რაც ხდება დღეს საქართველოში – დღეს საქართველო არის უფრო დაუცველი, ვიდრე როდესმე. რამე ასეთი რომ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აშკარად დიდი ცდუნებაა ჩვენი მტრისთვის დღევანდელი სიტუაცია – ქართული სახელმწიფო გაქრება. ამიტომ ჩვენ დროზე უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.