აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ.
„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გაზეთ The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 4 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა. როგორც გამოცემა იუწყება, ავღანეთში აშშ-ის ელჩმა საელჩოს პერსონალს განუცხადა, რომ აფეთქების შედეგად, 4 საზღვაო ქვეითი დაიღუპა, ხოლო 3 – დაშავდა.
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა იყო. ათეულობით ადამიანი დაშავებულია.
გამოცემა Politico აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერაქტი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.