ბრაზილიაში, ქალაქ არაკატუბაში ერთ-ერთი ბანდის წევრებმა ბანკი გაძარცვეს, გაქცევისას კი მძევლები მანქანებზე მიაბეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ორშაბათს, დილით მოხდა. ბანკიდან გამოსვლის შემდეგ მძარცველებმა რამდენიმე მძევალი მანქანების სახურავებსა და კაპოტებზე მიაბეს და ქალაქში ასე გადაადგილდებოდნენ, პოლიციის გადაადგილებას კი დრონების მეშვეობით აკონტროლებდნენ. გაქცევის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
არაკატუბას მერის, დილადოს ბორგესის თქმით, მძევლების გამო სამართალდამცველები მძარცველებს ვერ დაუპირისპირდნენ.
„პოლიციამ შეტევა ვერ დაიწყო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იყო საფრთხეში“, – განმარტა მან.
ამ ეტაპზე უცნობია, მოჰყვა თუ არა ძარცვას მსხვერპლი და რა თანხა გაიტაცეს მძარცველებმა.
ბრაზილიაში კარგად ორგანიზებული ძარცვების იმ ფენომენის ნაწილია, რომელსაც ადგილობრივები ახალ „კანგაჩოს“ ეძახიან. ეს ტერმინი ქვეყანაში 1920-1930-იან წლებში გამოიყენებოდა, როდესაც ბრაზილიის ბევრ რეგიონებში ბანდიტიზმი ფართოდ იყო გავრცელებული. მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში 2015 წლიდან გახშირდა. ერთხელ კი ბრაზილიურმა ბანდამ მსგავსი რეიდი პარაგვაიშიც კი ჩაატარა.