ირაკლი კობახიძემ მე უნდა შემითანხმოს რას იტყვის? დასამალი რა მაქვს, რა უნდა ყოფილიყო დასამალი? – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მასთან შეთანხმებული ის, რომ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრებდა.
„ეს შეხვედრა არ იყო დამალული. დამალული რომ ყოფილიყო, მერიაში, დღისით, მზისით ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს?” – განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ამ შეხვედრის შესახებ პარტიაში ყველამ იცოდა იქამდე, ვიდრე გახარია მერიაში მივიდოდა.
„მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. რა არის დასამალი, ადამიანი მოვიდა. ერთი ათჯერ დამირეკა, მთხოვა შეხვედრა, ნებისმიერ ადგილზე მოვალო და მეც ადამიანურად… რა არის დასამალი? ვუთხარი, მოდი, მერიაში ვარ-მეთქი. მოვიდა და მელაპარაკა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ უარყო თვითონ გახარიამ მათ შორის შემდგარი შეხვედრა, კალაძე პასუხობს, რომ ეს არ იცის.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი. გიორგი გახარია ხომ ცოცხალი ადამიანია, ჩვეულებრივად ცოცხალია, თბილისში გადაადგილდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა”, – განაცხადა კალაძემ.
