ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების შელახვას. თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი მინიშნება პრემიერის განცხადებაში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის დაცული იქნება.
„პრემიერ-მინისტრის ნათქვამი კანონში წერია, პირდაპირი გაგებით არ უნდა მიიღოთ, თუმცა ადამიანს აქვს უფლება, განკარგოს საკუთარი თავი, სხეული, მომავალი და ბედი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შესაბამისად არ უნდა იმოქმედოს და ლეტალური შედეგის პრევენცია არ უნდა მოახდინოს. ირაკლი ღარიბაშვილმა ესეც თქვა, მაგრამ თქვენ მხოლოდ ის გესმით, რაც გჭირდებათ. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს, სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს. ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, თავის თავს დაუშავოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ცუდი შედეგი უნდა დაუშვას. შესაბამისად, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სტრუქტურები მოწოდებულნი არიან, ცუდი განვითარება არ დაუშვან და ის ხავსი, რომელსაც ჩვენი ოპონენტების ჯგუფი თავისი მედიასაშულებების საშუალებით ეჭიდება, არ გამოდგება ამ განცხადების ინტერპრეტირებისთვის. ადამიანს სიცოცხლის უფლება აქვს და ეს უფლება სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის დაცული იქნება.
იყო პრეცედენტები, როცა ადამიანი შიმშილობას რომ იწყებდა, პირს ძალით გაუღებდნენ და სააკაშვილის დავალებით, მის მიერ შექმნილი სისტემით საჭმელს ასხამდნენ. ამის უფლება სახელმწიფოს არ აქვს. ადამიანს უფლება აქვს, იშიმშილოს და საკუთარი თავი ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოს კონკრეტული მიზნით. მიხეილ სააკაშვილს ეს მიზანი არ განუცხადებია, მაგრამ პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების შელახვას. თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არანაირი მინიშნება პრემიერის განცხადებაში არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
