თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე “ფეისბუქ” ლაივში ოპოზიციას მიმართავს და ამბობს, რომ ოპოზიცია წაგებას უნდა შეეგუოს და წაგება აღიაროს.
როგორც კალაძე ლაივში საუბრისას აღნიშნავს, ის 2017 წლიდან მოყოლებული ქალაქისთვის ყველაფერს აკეთებს და ასე აპირებს მომდევნო წლების განმავლობაშიც გააგრძელოს.
“არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც ავრცელებენ კონკრეტული მედიასაშუალებები. შეხედეთ, რა სახეებით დგანან. წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო, უნდა იცოდეთ გამარჯვების და წაგების ფასიც. უნდა აღიაროთ, მოგიწევთ [შედეგების] აღიარება. ეს არის თბილისის არჩევანი, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს – ამ ქალაქის აღმშენებლობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება როგორც დედაქალაქს, ისე მთელ საქართველოს. 2017 წლიდან მოყოლებული ვცდილობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საზოგადოება არ დამეყო პოლიტიკური ნიშნით – ყველას ვეხმარებოდი, ყველას გვერდით ვედექი და ასე ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაგრძელებას მომდევნო წლების განმავლობაშიც,” – ამბობს კალაძე “ფესიბუქ” ლაივში.