არ ვიცი გადათქვეს თუ არ გადათქვეს, მგონი ჯერ კიდევ ძალაშია 7 ნოემბერი და ვფიქრობ, რომ კანონზომიერია 7 ნოემბერი, ამ ქვეყანაში 2 რამესთან ასოცირდება: ერთი ეს გახლავთ ბოლშევიზმი და ბოლშევიკური რევოლუცია და 7 ნოემბერი არის ამის ასოციაცია და მეორე, 7 ნოემბერი არის მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 7 ნოემბერს დაარბიეს აქცია, „ტელეიმედი“ და ამ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
„ეს გახლავთ ერთ-ერთი ბრალი, რომელზეც სასამართლო გადაწყვეილება ჯერ არ დამდგარა და მიმდინარეობს პროცესი. ამიტომაც სიმბოლურია და სწორია – „ნაციონალური მოძრაობა“ როდის, თუ არა 7 ნოემბერს, უნდა იყოს მისი სიმბოლო. როდესაც ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევ, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ 7 ნოემბერს დანიშნავენ მიტინგს, რომლის მონაწილეც უნდა იყო – მათ უნდა გააცნობიერონ, გუშინ რას მისცეს ხმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.
7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.
