ჩინეთში კორონავირუსის ახალ ეპიდაფეთქებას ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსი 93 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 35 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ ხეიხეში.
შიდა გადაცემის ახალი ტალღა ქვეყანაში 17 ოქტომბერს დაიწყო, რის შემდეგაც ჩინეთის 17 პროვინციაში კოვიდინფიცირების 500 შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ახალი შემთხვევების გეოგრაფია ფართოვდება. ამასთანავე, დედაქალაქ პეკინში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, რაც მიმდინარე წლის 19 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ხელისუფლება მოუწოდებს პეკინის მოსახლეობას, ქალაქის დატოვებისგან თავი შეიკავონ, გადადონ ქორწილები, გაამარტივონ დაკრძალვების ორგანიზება და მაქსიმალურად შეამცირონ მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა რიცხვი. ქალაქიდან გამსვლელთა რიცხვის შესამცირებლად პეკინის აეროპორტებიდან დაგეგმილი რეისების ნახევარზე მეტი გაუქმდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 97 423 შემთხვევა დაფიქსირდა, 4636 ადამიანი გარდაიცვალა, 91 787 კი გამოჯანმრთელდა.